ამირან სალუქვაძე – “სხეული ჩემია, საქართველო თქვენი“ (ვიდეო)
“სხეული ჩემია, საქართველო თქვენი“ – ამ სათაურით ბრიგადის მეთაური და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ხაშურში წვევამდელეთა საკითხს ეხმაურება, სადაც 150 წვევამდელიდან 145 -მა ორგანიზაცია „გირჩის“ ე.წ. მღვდელმსახურის საბუთით, სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“სხეული ჩემია, საქართველო – თქვენი!” ხაშურში 150 წვევამდელიდან 145-მა თავი “გირჩის” ე.წ. მღვდელმსახურის საბუთით აარიდა თავი სამხედრო სამსახურს. ალბათ, ანალოგიური მდგომარეობა იქნება სხვა რაიონებშიც. იშვიათია, როცა ადამიანები ცოდნას და ფანტაზიას სახელმწიფოს დასანგრევად იყენებენ.
ახლახან, ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ყოველთვის ვაფიქსირებ იგივე პოზიციას მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე, მაგრამ ჯერ კანონი უნდა მიიღო და არა პირიქით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა. ეს სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას და კანონებს და არა აბსურდულ ფანტაზიებს, რომ თითქოს სხეული შენია და გინდა მოკლავ, გინდა აცოცხლებ. შენი კი არა, ბებიაშენისაა. შენი იქნება, როცა შენით გაჩნდები, შენ მიერ აღმოჩენილი პლანეტის შენ მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში. ჰყოფნით ცინიზმი, მეორე დღეს იკითხონ: აბა, მოგივიდათ რაიმე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგო? დემაგოგები.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური დევნის მომხრე არ ვარ, მაგრამ როგორც მინიმუმ, კეთილი უნდა ინებონ და განმარტება გააკეთონ. გირჩის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნარკოტიკების რეალიზაციის ლეგალიზება. საინტერესოა, საკონსტიტუციოში რომ შეიტანონ, რას იზამს სასამართლო? სასამართლო, რომელსაც აღმოაჩნდა სათანადო საექსპერტო, სამედიცინო და ყველანაირი განათლება იმისათვის, რომ პარლამენტს, მის შესაბამის კომიტეტებს დაასწრო დასკვნის დადება. რა უნდა ელაპარაკო ადამიანებს, რომლებიც პარტიული ელექტორატის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდებს “რეზინის ეკლესიის” “მღვდელმსახურებად” აქცევენ, ჯარში სამსახურის თავის აცილების მიზნით.
პუტინს და რუსეთს ხომ ეძახით ოკუპანტს? ომი თუ ისევ იქნა, ჩვენ დავიცავთ და თქვენ “რეზინის” თავშესაფრებში დაბოლდით. დემაგოგობენ, ყარაულში დგომა არ გვინდაო. რა თქვენი გადასაწყვეტია, ყარაულში დადგებით თუ პარაშუტით გადმოხტებით? კარგად იციან, რომ დღეს წვევამდელები 3-თვიანი მომზადების კურსებს გადიან, მაგრამ სიმართლე არაა მთავარი, მთავარია, ვის კალთას ამოეფარონ – დედიკოს თუ ფსევდორელიგიის ე.წ. მღვდელმსახურის?!
“რეზინის რელიგიებს” რაც შეეხება, მოვუწოდებ საპატრიარქოს, საქართველოს ეკლესიას, თქვენით მოიხსენით საკანონმდებლო პრივილეგიები და ჯარში სამსახური მღვდელმსახურების აუცილებელ მოთხოვნად გახადეთ. ახლა იფიქრებს პარლამენტი, ამოავსებს ხვრელებს, ოღონდ არ ვიცი, როგორ.
მაგრამ თუ მსგავსი სარეველები კანონგარეშე გამოცხადდა, შემდეგი ნაბიჯი, ჯარის თავის არიდების მიზნით, სექსუალური უმცირესობების გაერთიანებების შექმნა იქნება. რა პრობლემაა? რა მნიშვნელობა აქვს თავს როგორ აარიდებ? ისრაელის წარმატებები ხომ მოგვწონს? წაიკითხეთ ისრაელის გამოცდილება. განა თქვენნაირ სარეველებზე და ვირუსებზეა დაფუძნებული?! ვირუსი: “სხეული ჩემია, საქართველო თქვენია!” ამ ლოზუნგის მატარებლებს უნდა მოეხსნათ ყველანაირი სახელმწიფო პრივილეგია, განსაკუთრებით, თუ რაიმე უფასო არსებობს. აეკრძალოთ საჯარო სტრუქტურებში სამსახური, ჩამოერთვათ საზღვარგარეთის პასპორტი და ა.შ. ძალიან მკაცრი ვარ? თუ “რეზინის ეკლესია” და ფსევდორელიგია შეიძლება, მეც ვაძლევ თავს ფანტაზიების უფლებას, რომლებიც ისევე რეალური შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მაგათი მღვდელმსახურის “ბრონი”, – წერს ამირან სალუქვაძე.