თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის განცხადება საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებოდნენ ელჩები, რომლებმაც მას უთხრეს, რომ თუ ის საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენდა, ძალიან ცუდი იქნებოდა. ჩუგოშვილის შეფასებით, ამგვარი განცხადება საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფაა.
“ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება.
ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის ორგანიზატორი მე გახლავართ და რამდენიმე ადამიანთან ერთად, თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი.
პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში,აჯაროდ, ინტერვიუს დროს.
მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით.
ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. როგორც მან განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებოდნენ ელჩები რომლებმაც მას უთხრეს, რომ თუ ის საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენდა, ძალიან ცუდი იქნებოდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტად „ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ გავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები