წალენჯიხის ეკლესიის კედლის მხატვრობის პირველი ეტაპის სამუშაოები ჩატარდა

წალენჯიხის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მკლავების შორის სივრცის XIV-XVII საუკუნეების მხატვრობაზე პირველი ეტაპის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2003-2008 წლებში, ტაძრის კედლების შესანარჩუნებლად სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობდა.  2018 წლის 23 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე, პირველი ეტაპის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა.
სახურავიდან ჩამომავალმა წყალმა მხატვრობა საკმაოდ დააზიანა. სამუშაოები განხორციელდა ჩრდილოეთი მკლავის ზედა ორ რეგისტრზე და ასევე გუმბათქვეშა საყრდენი სვეტების ზედა ორ რეგისტრზე. პირველი ეტაპით გათვალისწინებული კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ჩრდილოეთი მკლავის ზედა ორ რეგისტრსა და გუმბათქვეშა საყრდენი სვეტების, პილიასტრების, ზედა ორ რეგისტრზე ჩატარდა.
ქიმები, ბზარები და ნაკლული ადგილები ავთენტური მასალით შეივსო. აღნიშნული სამუშაოების დროს გამოყენებულ იქნა კირ-კვარცის ქვიშის ხსნარი,იაპონური ქაღალდი და მრავალი საშუალება ზედაპირული მტვრისა თუ ჭუჭყის მოსაცილებლად. გამოფუყულ ადგილას გაეკრა იაპონური ქაღალდი, რის შემდეგაც მოხდა ლედანით ინექტირება.
ფერიცვალების სახელობის ტაძარი გამორჩეულია მოხატულობით. ტაძარში არსებული წარწერის მეცნიერულად ღრმად შესწავლის საფუძველზე მარი ბროსე ასკვნის, რომ არქიტექტურა და მხატვრობა ერთი პერიოდის უნდა იყოს. კერძოდ კი, ეს პერიოდი უნდა მოიცავდეს 1384-96 წწ. თაყაიშვილი არქიტექტურას არაუგვიანეს X-XI საუკუნის ნაგებობად მიიჩნევს, ხოლო კედლის მხატვრობას XIV საუკუნით ათარიღებს. მხატვრობის გარკვეული ნაწილი გადაწერილია მოგვიანებით, XVII საუკუნეში. დასავლეთ კედელზე გამოსახულია „ჯვარცმა“, აღმოსავლეთ კედელზე – „ჯოჯოხეთის წარმოსტყვევნა“ , ხოლო ჩრდილოეთ კედელზე – „მენელსაცხებლე დედანი მაცხოვრის საფლავზე“. პილიასტრზე გამოსახულია მედალიონები წმინდანების გამოსახულებით. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახულია „თომას ურწმუნობა“. აღმოსავლეთ კედელზე მოხატულობა ძალზედ დაზიანებულია, ასევე ჩრდილოეთ ნაწილში სილუეტურად ჩანს „ლაზარეს აღდგინება“.

შემსრულებელია ი.მ. „ზაზა სუმბაძე“; სარესტავრაციო ჯგუფში არიან: რესტავრატორები: ზაზა სუმბაძე, მერაბ ბუჩუკური, ვასილ ბუჩუკური, ირაკლი ჭეიშვილი, გურამ გასიტაშვილი. სტუდენტები: თამთა თოიძე, გოგა გოგატიშვილი, ნინი სტურუა, გვანცა გულბათაშვილი, ინა მახარობლიშვილი, ლიკა მახარობლიშვილი, აკაკი წერეთელი, ქეთევან გიორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები