ბიძინა ივანიშვილი: მედიათავისუფლებით და მთავრობის გამჭვირვალობით ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ
„საერთაშორისო კვლევებს თუ ვნახავთ, მთავრობის გამჭვირვალობითა და მედიათავისუფლებით ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი რესურსი ქვეყანას მაქსიმალურად მოახმაროს.
„ძალიან ბევრი მაჩვენებლებით, საერთაშორისო კვლევებს თუ ვნახავთ, თუ გინდა მედიის თავისუფლებით, თუ გინდა მთავრობის გამჭვირვალობით ეფექტურობით და ა.შ. ძალიან ბევრ ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს დღეს საქართველო. ამ დროს საქართველოს ეკონომიკა დღეს არის ისეთი როგორიც არის, და ჩემი პირადი რესურსიც ამ დისბალანსში მინდა, რომ მაქსიმალურად ქვეყნას მოვახმარო, გუნდს მოვახმარო რომ როგორმე ვინმეს ცდუნება არ გაუჩნდეს და უარი არ ვთქვათ იმ ღირებულებებზე და ამ დროს ეკონომიკა დავაწიოთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც თავისთავად ამ საზოგადოებაში არ გაჩნდეს – რად გვინდა ეს, თუ ეკონომიკა არ გვაქვს და სწორედ ეს ღირებულებები, თავისუფალი დავა, ბაზარი, კონკურენტუნარიანი ბიზნესი ეს ყველაფერი, რაც ნაწილია დემოკრატიულობის, ეკონომიკის ზრდას , რა თქმა უნდა, ხელს უწყობს და ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ როგორმე, რომ ავიტანოთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.