ბიძინა ივანიშვილი: მედია ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, სჯობს გადააჭარბოს, ვიდრე შეზღუდული იყოს
„მედია ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, სჯობს გადააჭარბოს, ვიდრე შეზღუდული იყოს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულწილად, სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი.
„ამ ფონზე, მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა. გარკვეულწილად სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი, რამეთუ კარგად მოგეხსენებათ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელი მაცივრები… ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ქვეყანაში ძალიან ბევრი ავანტურისტია, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და შეიძლება ამას სჭირდებოდა დამატებით ჩემი რესურსი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.