ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს.
დამკვირვებლები დაინტერესდნენ თუ რამდენად არსებობს საქართველოში რუსული რბილი ძალა და ცდილობს თუ არა რუსეთი გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე. ასევე საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ჩამოდიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, NDI – არის ის ერთ-ერთი მთავარი დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თითქმის ყველა არჩევნებს აკვირდება. რამდენიმე საინტერესო საკითხი იყო განხილული შეხვედრისას, პირველ რიგში ბუნებრივია საუბარი იყო თუ რა მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება კამპანია, დაახლოებით რა პრიორიტეტები იქნება კანდიდატებს შორის, თუ ვინ იქნება მხარდაჭერილი მმართველი პარტიის მხრიდან ან ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით მიიღებს პარტია გადაწყვეტილებას და აცნობებს საზოგადოებას.
საქართველოში არჩევნებიდან-არჩევნებამდე უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ყველა კუთხით, მათ შორის მედიაზე ხელმისაწვდომობის, საარჩევნო კომისიების თუ ინსტიტუტების მუშაობის კუთხით. წელსაც არჩევნები ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით სამართლიანად და მე ვფიქრობ, რომ დამკვირვებლებს ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულებისას.