დავით ზალკალიანი: თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.
მისივე თქმით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დახმარებას უწევს.
“შემძრა ინფორმაციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.