„კულტურული მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს“, – რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება
ეს არის ჩვენი ერის კულტურული მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ისევე, როგორც ნებისმიერი ძეგლი, რომელსაც ჩვენ რუდუნებით ვეპყრობით და ვცდილობთ, რომ მომავალ თაობას შევუნახოთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამსახურის უფროსმა, ნანა დოლიძემ, რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნანა დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობა, ეს არის ქართული კინოს მემკვიდრეობა, რომლიც აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული და შენახული.
დოლიძე, რომელიც აღნიშნული პროექტის კურატორია, ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 26 ფილმია ჩამოტანილი.
„როდესაც პირველადი სიები მივიღეთ ფილმსაცავიდან, ეს გახლდათ 706 ერთეული. ეს სიები დამუშავდა ქართველი კინომცოდნეების მიერ, ჯგუფის მიერ. განისაზღვრა ე.წ. რეიტინგული სია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 706-დან რამე უნდა დარჩეს იქ, ნაწილი უნდა წამოვიდეს საქართველოში და ნაწილის დატოვებას ვაპირებთ. არა, რა თქმა უნდა. ყველა ფილმი უნდა ჩამოვიდეს. ამისთვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები, რომ მოხერხდეს ამ ფილმების აქ დაცვა, შენახვა, მომავალი თაობებისთვის მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ ეტაპზე ჩამოტანილი გახლავთ 26 ფილმი“- განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის ფილმსაცავში შენახულია ქართული მხატვრული, დოკუმეტური და ანიმაციური ფილმები.
„მთელი ანიმაციური არქივი რუსეთის ფილმსაცავშია. იქ არის 1921-დან 1991 წლამდე, საბჭოთა პერიოდში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე შექმნილი ქართული ფილმები. დოკუმენტური ფილმების რაოდენობა 100 ერთეულამდეა, დანარჩენი გახლავთ მხატვრული კინო.
პირველი 4 ფილმი საქართველოში დაბრუნდა 2016 წელს. კინოცენტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას არაერთი საინტერესო სიახლე ელოდება“- განაცხადა ნანა დოლიძემ.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ქართველ მაყურებელს კვლავ ექნება იმის შესაძლებლობა, ნახოს, თუ როგორ იწყებოდა ქართული კინო და როგორ ვითარდებოდა ის.
„რაც 20-იან წლებში შეიქმნა, რაზეც ქართველ მაყურებელს ნაკლებად აქვს წარმოდგენა, თუნდაც მოგვიანებით პერიოდი რომ ავიღოთ, გავა საუკუნე და საქართველოს მოსახლეობას კვლავ ექნება იმის შესაძლებლობა, ნახოს, თუ როგორ იწყებოდა ქართული კინო, როგორ ვითარდებოდა, როგორ ყალიბდებოდნენ ქართველი გმირები, როგორ ყალიბდებოდა კულტურული გარემო, როგორ ეცვათ, როგორ იცინოდნენ, როგორ ტიროდნენ, ვინ იყვნენ სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, დოდო აბაშიძე, თენგიზ აბულაძე, ვინ არის ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია.
ეს არის ჩვენი საგანძური, კულტურული მეხსიერება და ერი მეხსიერების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს, არც აწმყო ექნება და არც მომავალი. ამდენადაა ეს პროექტი მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ჩვენი ერის კულტურული მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ისევე როგორც ნებისმიერი ძეგლი, რომელსაც ჩვენ რუდუნებით ვეპყრობით და ვცდილობთ, რომ მომავალ თაობას შევუნახოთ. ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობა, ეს არის ქართული კინოს მემკვიდრეობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული, შენახული და ხელმისაწვდომი“- განაცხადა ნანა დოლიძემ.
მისივე თქმით, ფირები ბრუნდება არა მარტო იმისათვის, რომ დღევანდელ მაყურებელს ხელი მიუწვდებოდეს, არამედ, იმისთვისაც, რომ ის საუკუნეების განმავლობაში, როგორც მემკვიდრეობა, იყოს შენახული და დაცული.
„გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, არერთი მოკავშირე რესპუბლიკის ფილმსაცავი რუსეთის ფედერალურ არქივში დარჩა. საბჭოთა პერიოდში ცენტრალიზებული იყო კინოწარმოება, მართალია რესპუბლიკებს ჰქონდათ თავიანთი სტუდიები და ამ სტუდიების ბაზებზე იქმნებოდა ლიტვური კინო, უკრაინული კინო, ქართული კინო და ა.შ. ეს ფილმები, როგორც კი დასრულდებოდა, ბარდებოდა ფედერალურ ფილმსაცავს. 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთმა დაიტოვა ამ მემკვიდრეობაზე ყველანაირი უფლება. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში როგორი პოლიტიკური ვითარება იყო საქართველოში. კინომემკვიდრეობისთვის არავის ეცალა. ამასობაში რუსეთმა მოახერხა და ეს არქივები გამოაცხადა საკუთრებად. მეორე მომენტიც იყო- ჩვენ რომ წამოგვეღო ეს მემკვიდრეობა საქართველოში, არ გვქონდა არანაირი პირობა შესანახად. ალბათ, არცერთი მეტრი ფირი არ შემოგვრჩებოდა დღეისთვის.
კულტურის სამინისტრომ 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების პროცესზე. 2014 წელს რუსეთის ფილმსაცავსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლის საშუალებითაც კინემატოგარაფიის ეროვნულ ცენტრს დაევალებოდა პირველადი ასლების საქართველოში დაბრუნება.
ეს ყველაფერი 1 წელიწადში ვერ მოხერხდება, ფილმების დიდი რაოდენობაა ჩამოსატანი და გადასაწყვეტია, რა პირობებში შევინახავთ ამ ფილმებს აქ“, – აღნიშნა ნანა დოლიძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
„ეს საკითხი დგას დღის წესრგიში, საკმაოდ აქტუალურია. ვფიქრობთ, გარკვეული გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი, ვინაიდან ყველაფერთან ერთად, საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს”, – განაცხადა დოლიძემ.
თამუნა შეყილაძე