ამირან სალუქვაძე: სიჩქარის 30 ან 40%-ით გადაჭარბება მკვლელობის მცდელობის მუხლს უნდა გაუტოლდეს ​​

0

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას, რომელსაც სამი ადამიანი, მათ შორის ორი ჩვილი ემსხვერპლა, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში – ამირან სალუქვაძე ვრცელი პოსტით ეხმაურება. სალუქვაძე თვლის, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით, რადიკალური ზომებია მისაღები. მისი აზრით, მძღოლს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და სიჩქარის 30 ან 40%-ით გადაჭარბება მკვლელობის მცდელობის მუხლს უნდა გაუტოლდეს.
“გუშინ ისეთი საზარელი ავარია მოხდა, დამავიწყა საფეხბურთო ზეიმი… რა უნდა თქვა, როცა მთელი ოჯახის გაუბედურებულ კადრებს უყურებ?! სულ რაღაც წამების წინ, უბედნიერესები მიქროდნენ… ნეტა რა სიმძიმის ავარია უნდა მოხდეს, რომ დავფიქრდეთ? არ მინდა გუშინდელ უბედურებაზე საუბარი. რამდენიმე ფრაზას დავწერ ზოგადად, რა გვჭირს და რა უნდა გაკეთდეს. გვჭირს უკულტურობა. ის, რაც ჩვენს გზებზე, ქალაქში თუ ავტობანზე ხდება, მუჯლუგუნები, აგრესიული გასწრებები ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან და ა.შ, მსგავს უზრდელობებს ვერ ნახავთ ნორმალურ ქვეყნებში.
ახლახანს, ავტობუსით ვიმგზავრე ფრანკფურტიდან სტრასბურგამდე (2,5 სთ). გერმანულ ავტობანზე ავტობუსი მიდიოდა იმ სიჩქარით, რა სიჩქარეც იყო მისთვის დაშვებული. მეტიც, მთელი ავტობანი, ანუ ყველა მანქანა, მოძრაობდა ერთი სიჩქარით. გასწრება ისე კეთდება, რომ არ იძაბები.
სტრასბურგთან ახლოს, დაახლოებით 20 წუთი ვიმგზავრეთ ვიწრო გზით, სადაც გასწრება აკრძალული იყო უწყვეტი ღერძულა ხაზით. ავტობუსი მთელი ეს პერიოდი მიდიოდა 70 კმ/სთ სიჩქარით და არც კი უფიქრია, ვინმეს გაესწრო ან დაესიგნალებინა. როცა ერთი მძღოლი, თავისი არაპროგნოზირებადი, აგრესიული მანევრით, ძაბავს მეორე მძღოლს, ესაა თავხედობა, უზრდელობა, უტვინობა. ინტელექტის მქონე ადამიანი ამას არ აკეთებს. რატომღაც ლიფტთან, ზოგადად კართან, შესასვლელთან (გამოსასვლელთან), ერთმანეთს გზას ვუთმობთ, არ ვეტენებით მუჯლუგუნებით. რატომ ვიქცევით საპირისპიროდ საჭესთან? ზოლიდან ზოლში გადასვლისას, ან მოხვევისას, რატომღაც უნდა მყისიერად გაგისწრონ და ჩაგიჭრან გზა, მოუხვიონ შენს ცხვირწინ. რატომ? შე კაი კაცო, უკან ხარ, ხომ? გამატარე და მოუხვიე?!
დასახლებულ პუნქტებში გახეული “გლუშიტელებით” ბღავილი და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა… ან ბავშვი გამოვარდეს, ან დიდი – ვერაფერს ასწრებ, ანუ ლატარეას თამაშობ… ავტობანზე 110 კმ/სთ სიჩქარით, ავარია არ მოგივა. 110 კმ/სთ შემთხვევით არაა შერჩეული. ეს გამოცდების, კვლევების, ექსპერიმენტების შედეგია. დააკვირდით საკუთარ თავს ავტობანზე, როცა სცდებით ამ სიჩქარეს. ამავე დროს, როცა დაწესებულია ერთი სიჩქარე, ნებისმიერი სწრაფმავალი მანქანა იწვევს ქაოსს, დაძაბულობას… ჩვენთან კი მასობრივად როცა არღვევენ, ძალიან დაძაბული და ქაოტური ტრაფიკია.
ჯამში, გამოდის როგორც კომპიუტერულ თამაშებზე: “გონკაობ”, “გონკაობა”, შემდეგ შეცდები და ხვდები ავარიაში. კომპიუტერულ თამაშში შეცდომა არაუშავს, რეალურ ავტობანზე “გონკაობისას” შეცდომას კი ტრაგიკული, ფატალური შედეგები მოაქვს. პასუხისმგებლობა. შენ შეგიძლია, შენს თავზე აგო პასუხი, თუ ავტობანზე მარტო ხარ, გზაზეც და ავტომობილშიც. თუ ერთი მგზავრი მაინც გიზის ან თუ ერთ მანქანასაც მაინც ხედავ ავტობანზე (გზაზე), კეთილი ინებე და დაიცავი მოძრაობის წესები. ბევრი “შუმახერი” აფრენილა ბოძზე ან გადაფრენილა გზიდან.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მძღოლს და სიჩქარის 30 ან 40%-ით გადაჭარბება უნდა გაუტოლდეს მკვლელობის მცდელობის მუხლს. იქნებ ვინმე იტყვის, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი მძღოლი არაა პოტენციური მკვლელი, არ ემუქრება მანქანაში მყოფ მგზავრებს ან სხვა ავტომობილებს?
ვითარების გამოსწორების ორი გზაა: 1. პასუხისმგებლობის გამკაცრება, ჯარიმა ოდნავ გადაჭარბებაზე, ჭარბ სიჩქარეზე (30-40%-ით მეტი დაშვებულზე), მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევა ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (160-170 კმ/სთ-დან) 2. სოციალური რეკლამები ტელევიზიით, სოციალური ქსელით, სწავლება სკოლებში და ა.შ. არ მივიღებთ რადიკალურ ზომებს, ვთვალოთ “ტრუპები”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი