მამუკა ბახტაძე: ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით, იმსახურებენ თქვენს ნდობას

0

„მე ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით, იმსახურებენ თქვენს ნდობას“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, განახლებული სამთავრობო პროგრამა სრულად დაფუძნებულია და გამომდინარეობს პუნქტებიდან, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენისას ისაუბრა.
„სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისთანავე, მე დავიწყე მუშაობა იმ დაპირების შესასრულებლად, რაც ამ ტრიბუნიდან სამი კვირის წინ განვაცხადე. ლოდინის დრო არ არის. ჩვენი მთავარი ორიენტირი გახლავთ შედეგი და მხოლოდ ამ შემართებით და ამ სულისკვეთებით შევძლებთ უმოკლეს ვადებში რეალური შედეგების მიღწევას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, მისი დაპირება იყო, რომ შექმნიდა და დანერგავდა მცირე მთავრობის პრეცედენტს ქვეყანაში და ამ რეფორმის პრინციპული დანერგვა უკვე დაიწყო. პრემიერი დარწმუნებულია, რომ სწორედ მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობა შექმნილ რეალობაში, ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო გამოსავალია.
ამავე დროს, მისი თქმით, დაპირებისამებრ, მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ.
„ამ კომპანიების დიდი ნაწილი იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქმიანობა და კომპანიები დაეხურათ იმის გამო, რომ არასამართლიანად დააკისრეს ჯარიმები 2011-2012 წლებში. როგორც ეს დაპირებები შესრულდა, ანალოგიურად შესრულდება ყველა სხვა დაპირებაც“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სამთავრობო გუნდი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„მე დაგპირდით, რომ სამი კვირის განმავლობაში, დავაკომპლექტებდი ძლიერ სამთავრობო გუნდს. დღეს მე ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით, იმსახურებენ თქვენს ნდობას და ერთმნიშვნელოვნად ვიმეორებ, არიან თავის საქმის პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ზუსტი ხედვა, როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროგრამის წარმატებული იმპლემენტაცია 2018-1019 წლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის მთავარი მიზანია ისეთი საქართველოს შექმნა, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სამი ახალი სახეა: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრად კი ივანე მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი