“მნიშვნელოვან ინიციატივებს დავაანონსებთ, რომელიც საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს”
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, დაანონსდება ახალი ინიციატივები, რომლებიც საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. ბახტაძის შეფასებით, ეკოლოგიური გამოწვევები მაღალია და ამ რეალობას თვალი ყველამ უნდა გაუსწოროს.
“რამდენიმე დღეში, დავაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელიც გულისხმობს საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას და შეზღუდვების შემოღებას ძველი სტანდარტის მანქანების იმპორტზე, ასევე, სამშენებლო საქმიანობის წარმოებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვნად აღმოფხვრის პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამა – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ გააცნო.