დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციის ამბიცია აქვს

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება აქტიური. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამავდროულად, ის საქართველოს ძირითად აქტით – კონსტიტუციითაა გამყარებული” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლმენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მან ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელშესახებ შედეგებზე, კერძოდ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. დავით ზალკალიანის თქმით, „ქვეყანას აქვს ევროკავშირთან უფრო მეტი ფიზიკური და სექტორული დაახლოების ამბიცია, და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმები ახალ ინიციატივაში „ევროკავშირის საგზაო რუკა” ერთიანდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საკითხებზე დაწყებული სტრატეგიული დიალოგი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუტებში. ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ფორმატზე, რომელიც ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობას შესთავაზა. ამ ფორმატის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის პრეზიდენტი, შესაბამისი სამინისტროების მონაწილეობით, წელიწადში ერთხელ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.

„პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, რისთვისაც სერიოზულად ვემზადებით. ევროპელ პარტნიორებთან გვექნება საგნობრივი მსჯელობა ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით” – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა სავიზო ლიბერალიზაციაზე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და მნიშვნელოვან მონაპოვარზე, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. „ჩვენი კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან მიმართულია სწორედ იქითკენ რომ გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები ვიზის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროპელი პარტნიორები უაღრესად აფასებენ საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. შედეგი მართლაც ხელშესახებია: ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური დინამიკა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლების თვალსაზრისით, ბუნდესტაგში შეტანილ იქნა ინიციატივა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ყველა ამ ნაბიჯს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად დგამს” – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები