იუსტიციის სამინისტრო „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ერთსულოვნად დამტკიცებას მიესალმება
იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარების და რეკომენდაციების შედეგად განახლებული სამოქმედო გეგმა ფორუმს თავმჯდომარემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სანიკიძემ წარუდგინა. სხდომის ბოლოს, ფორუმის წევრმა სამთავრობო უწყებებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ერთხმად დაამტკიცეს.
ფორუმის სხდომის დამსწრე წევრებიდან სამოქმედო გეგმის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია მხოლოდ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომლის წარმომადგენლებმა სხდომა საკუთარი ინიციატივით დატოვეს.
საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. ამ კუთხით სამოქმედო გეგმაში აისახა ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება, საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა, საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება, მუნიციპალიტეტების ვალდებულებები და სხვა.
იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვეა, მუშაობს „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა 17-19 ივლისს თბილისში გასამართი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) მეხუთე გლობალურ სამიტზე მოხდება, რომელსაც საქართველო მასპინძლობს როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა.
იუსტიციის სამინისტრომ ახალი გეგმის შემუშავება სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით დაიწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ რეკომენდაციები ღია მმართველობის 2018-2019 წლების გეგმისთვის, რისთვისაც მათ ხანგრძლივი დრო ჰქონდათ.
გარდა ამისა, საჯარო კონსულტაციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბითაც, სადაც სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საჯარო კონსულტაციებში მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ჩაერთვნენ. ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების პროცესში იუსტიციის სამინისტროს აქტიურად უჭერდა მხარს „USAID“-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა.