„ის მნიშვნელოვანი შედეგები რაც აშშ-სთან გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს“

„ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებას ალტერნატივა არ გააჩნია და აქტიურად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული ყველა მიმართულებით“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ამის შესახებ დავით ზალკალინმა დისაპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატის თანახმად, უკანასკნელი რამდენი კვირის განმავლობაში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობის კიდევ უფრო განამტკიცებს და თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების – ტედ პოსა და ჯერი კონოლის მიერ 26 ივნისს, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის Georgia Support Act-ის ინიცირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის, ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის კუთხით.
ზალკალიანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელი საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი რეგისტრირდება აშშ-ის კონგრესში”, განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრობის კანდიდატმა აშშ-ს კონგრესის ორპარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება უწოდა 26 ივნისს, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, რობერტ ლაითჰაიზერისადმი 28 კონგრესმენის მიერ ორპარტიული წერილით მიმართვას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით.
დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის და უსაფრთოხების კუთხით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობას.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის და უსაფრთოხების სფეროში გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელსაც სჭირდება შემდგომი განვითარება. იგივე ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში, ორმხრივი ურთიერთობა ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგანაც საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ჩვენი მდგრადობის გაძლიერება იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ასევე ფრანგებთან, გერმანიასთან და ნატოში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ქვეყანა ავლენს ძალიან სერიოზულ შედეგებს. ვფიქრობ, რომ როდესაც დადგება შესაბამისი მომენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა საქართველო არის და იქნება ამის მზადყოფნაში”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, წელს უკვე წარმატებით გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და პლენარული სხდომა, ხოლო წლის დასასრულამდე დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრის გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები