ირაკლი კობახიძე ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, რომელიც, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვისა სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის ხელმოწერილი ადმინისტრაციული შეთანხმება კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს და კრიზისული სიტუაციების გაცილებით ეფექტურად მართვას უზრუნველყოფს.

ევროკომისარის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიისა და ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსთან ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეს მხარდაჭერა მკაფიო პრაქტიკულ ნაბიჯებში გამოიხატება.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და უვიზო რეჟიმსაც შეეხო. ქრისტოს სტალინიადისის შეფასებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან გასული 1 წელი ცალსახად პოზიტიური იყო და ევროკავშირი აფასებს ამ პროცესის ეფექტური მართვისთვის ქართული მხარის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შედეგად მიღებულმა ხელშესახებმა შედეგებმა კიდევ უფრო გაზარდა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში.

ევროკომისარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა და საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს როგორც ფინანსურ, ასევე ექსპერტულ მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები