“ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე”

„რეფორმები გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე“,- ამის შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარს როგორც სასჯელაღსრულების პირველ მინისტრს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სოზარ სუბარს, რომელიც გახლდათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების პირველი მინისტრი, რომელმაც ჩაიბარა საშინელი სისტემა, საშინელი მემკვიდრეობა, და მან ჩაუყარა საფუძველი იმ რეფორმებს, რომლებითაც ჩვენ დღეს ყველა ერთად ვამაყობთ; და მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დადიოდა ციხე-ციხე, საკან-საკან, და მკურნალობდა და ზრუნავდა პატიმრებზე, დღეს ჩვენი უმრავლესობის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერია − ვსაუბრობ ბატონ არჩილ თალაკვაძეზე. ეს რეფორმები შემდეგ გააგრძელეს მომდევნო მინისტრებმა. განსაკუთრებული მადლობა მე ჩემს წინამორბედს, ბატონ კახი კახიშვილს მინდა, გადავუხადო. მე მქონდა მასთან ძალიან სიღრმისეული და საინტერესო შეხვედრები. მინდა, გითხრათ ამ ტრიბუნიდან, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე. და მე ვგეგმავ, რომ ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ამ მხრივ არის დარჩენილი გარკვეული საკითხები, რომლებიც სერიოზულად მოსაგვარებელია; რომ ჩვენ ვიზრუნოთ კიდევ უფრო მეტად, მიუხედავად ბევრი სირთულისა, პატიმრების კვების საკითხებზე და მოვამზადოთ პატიმრები გათავისუფლებისთვის. როგორ იცით, იუსტიციის სამინისტროში, ჩემი ინიციატივით 2012 წლის ნოემბერში დაფუძნდა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა”. ახლა უკვე ეს პროგრამა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააკეთებს იმ სამუშაოს, რასაც ჰქვია ყოფილი პატიმრის იმგვარი ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომ ყოფილმა პატიმარმა აღარასოდეს მიიხედოს ციხისკენ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლისას აღნიშNა, ის საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
„მე მინდა, ამ ტრიბუნიდან ორიოდ სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების საჯარო მოხელეებს. მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს; მე ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ და მაქვს სურვილი, ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, რომ ის დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, უფრო მყარი შედეგები გახდეს იმისათვის, რომ მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ყველა ერთად ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები