მამუკა ბახტაძე ახალი სამთავრობო პროგრამის მთავარ პრინციპებზე: თითოეული რეფორმა მორგებული იქნება ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს” ხვდება. მთავრობის მეთაურმა ფრაქციის წევრებს სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პრინციპებზე გაამახვილა, რომელსაც ახალი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება.

„პირველი, ეს გახლავთ – ჩვენი ერის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით „ქართულ ოცნებას” მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, რომელსაც სჭირდება განმტკიცება. მეორე – ეს გახლავთ ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება. თქვენ იცით ჩემი პოზიცია,რომ ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო არ უზუნვეყლოფს ქვეყანაში ინკლუზიურ ზრდას. მასში არის ისეთი სექტორები სადაც არ იყო სამართლიანი თამაშების წესები და შეიქმნა მნიშვნელოვანი ბარიერები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად აღმოვფხვრით, ახალ სტიმულს მივცემთ საქართველოში ინკლუზიური ზრდის მიღებას. მესამე – ეს გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია. მისი მთავარი მიზანია დაანონსებული რეფორმები გავატაროთ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. მმართველობითი აპარატი გავხადოთ უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ უფრო შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა – დღეს წარმოდგენილნი ვართ 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით. ამასთან, აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერებას სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით. მეოთხე პრინციპი, რომელიც გახლავთ ჩემი ცხოვრების და შეიძლება ითქვას პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი – ეს არის განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია, ვინაიდან მე მწამს, რომ განათლებული, მოტივირებული და შესაბამისი სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე მოქალაქეები შეძლებენ ისეთი საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. და ბოლოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი იყო არის და იქნება ადამიანი და მასზე ზრუნვა. თითოეული რეფორმა მორგებული იქნება სწორედ ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე. იმაზე, რომ ჩვენი სტანდარტი – დემოკრატიის ხარისხის, ადამიანის უფლებების დაცვის იყოს ყოველთვის ძალიან მაღალი და შეესაბამებოდეს იმ წარსულს და მომავალს რაც აქვს ქართველ ერს“,- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა და მასში დაფიქსირებული ინიციატივების უმეტესობა არ მოითხოვს დანერგვის გრძელვადიან რეჟიმს. მისივე თქმით, რეფორმების უდიდესი ნაწილი მიმდინარე წელს, ნაწილი კი 2019 წლის განმავლობაში უნდა დაინერგოს.
„ბუნებრივია, ეს არ ეხება განათლების სექტორის რეფორმას, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და განათლება სწორედ ის სფეროა, სადაც აუცილებელია გრძელვადიანი მოქმედების გეგმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში – ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია – სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში,” – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერი ფრაქციის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები