ასობით ნიგერიელი გოგონა სკოლაში სიარულის გამო დასაჯეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიგერიის და მისი მოსაზღვრე ქვეყნების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეიკრიბონ პარიზის სამიტზე, სადაც ყველაზე დაუნდობელი ისლამისტური დაჯგუფების ,,ბოკო ხარამის“ წინააღმდეგ სტრატეგიას შეიმუშავებენ. ამ დაჯგუფების წევრები უკვე რამდენიმე წელია ატერორებენ ნიგერიის მცხოვრებლებს.
ბოლოს მათ 200-მდე სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს და მათ მონებად გაყიდვას აპირებენ. ათობით შეიარაღებული დაჯგუფების წევრი სატვირთო მანქანებით სკოლის შენობას მიადგა და 16-17 წლის 276 მოზარდი გაიტაცა. ზოგმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, 223 მოსწავლე კი კვლავ ტყვეობაში რჩება.
,,მე გავიტაცე გოგონები და მათ ბაზარზე გავყიდი, ვფიცავ ალაჰს!“- აცხადებს ორგანიზაციის ლიდერი აბუბაქარ შეკაუ. მან იქვე განმარტა, რომ სკოლა სპეციაურად შეარჩი: ,,ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს დასავლური განათლების მიღება, გოგონებმა კი არა სწავლაზე, არამედ გათხოვებაზე იფიქრონ“.
მოგვიანებით, შეკაუმ გოგონების სანაცვლოდ მათი დაკავებული ორგანიზაციის წევრების გათავისუფლება მოითხოვა. მანვე თქვა, რომ ყველა ტყვე გოგონა, რომელიც ქრისტიანი იყო, ისლამის რჯულზე გადავიდა. ამის დასტურად მათ ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ ლოცულობენ გოგონები ერთად. გოგონების გატაცების ფაქტმა მთელი მსოფლიო აღაშფოთა. ინტერნეტსივრცეში დაიწყო კომპანია, რომელშიც მსოფლიოს ისეთი ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, როგორიც მსახიობი ენ ხეტუეი, ემი უოტსონი, ტოპ-მოდელი კარუ დელევინი და სხვები არიან.
კამპანიაში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამაც .
,,ამ გოგონებში მე და ბარაკი ჩვენს შვილებს ვხედავთ. ჩვენ ვგრძნობთ მათ ოცნებებს და იმედებს, ვითავისებთ მათი მშობლების ტკივილს“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.
ამერიკის პრეზიდენტმა ნიგერიაში სპეციალისტების ჯგუფი გაგზავნა. ისინი ადგილობრივ ძალოვანებს დაეხმარებიან. კრიზისის გადაწყვეტაში დახმარებას სთავაზობენ კანადის, საფრანგეთის, ისრაელის და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა კი ტყვეების ადგილსამყოფელის დადგენის შესახები ნფორმაციაზე 300 ათასი დოლარი დააწესა. მიღებულ ზომებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, ქვეყანაში ახალი ტრაგედია დატრიალდა. ,,ბოკო ხარამის“ წევრები თავს ქალაქ გამბორუ-მხალას დაესხნენ, 300 ადამიანი მოკლეს და სახლები გადაწვეს. თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბარაკ ობამამ ,,ბოკო ხამას“ დაჯგუფებას აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფება უწოდა. ,,ისინი მრავალი წელია დაუნდობლად ხოცავენ ხალხს. ნიგერიის მოსახლეობას უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოვუწოდებ. ეს საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება მოვახდინოთ და, ბოლოს და ბოლოს, ამ საშინელ დანაშაულებებს ბოლო მოვუღოთ“, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.