ქეთი მელუას საზაფხულო სიმღერის ფესტივალს ლონდონი მეორედ უმასპინძლებს

ლონდონში,  14 ივლისს, მეორედ გაიმართება „საზაფხულო სიმღერის ფესტივალი ქეთი მელუასთან ერთად“. ფესტივალი ლონდონის განთქმულ უბან, ნოთინგ ჰილში გაიმართება, მას წმინდა იოანეს სახელობის ტაძარი 14 ივლისს, 16 საათზე უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ გიორგი ლალიაშვილმალონდონიდან აცნობა, ამ მუსიკალური ზეიმის იდეა გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს ქალბატონ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს ეკუთვნის.
„შარშან დაარსებულმა ფესტივალმა იმთავითვე მოიპოვა პოპულარობა, წლეულს კი უფრო ბევრი მონაწილე ეყოლება. მის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ სრულყოფაში ორმოცდაათამდე მონაწილე იქნება ჩართული. ამასთან, ფესტივალის მხატვრულ საზღვრებს გააფართოვებს ქართული ფოლკლორული მუსიკაც, ინგლისელი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მასპინძელი“ აუდიტორიის წინაშე რამდენიმე პოლიფონიური ნიმუშით წარდგება. ფესტივალი თემატურ ხასიათსაც ატარებს და ბრიტანელებს ქართული ყოფისა და ტრადიციების შესახებაც აწვდის ცოდნას. შარშან თუ ჩვენებური სუფრის წესების გაცნობას ისახავდა მიზნად, წლეულს ქართული ღვინის კულტურის წარმოჩენაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი“, – აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ქეთი მელუა საერთაშორისო რანგის ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდამ ახერხებს თავისი ქვეყნის გვერდით იდგეს ჭირსა თუ ლხინში. იგი მუდამ სიამოვნებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და კულტურულ პროექტებში. ხოლო ბოლო წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორცილებული ევროპული ტურნეები გორის ქალთა გუნდთან ერთად, მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენაა. ქეთი მელუამ მათთან ერთად ევროპის 28 ქალაქი შემოიარა და მსმენლს სრულიად უჩვეულო მუსიკალური სინთეზი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური მოგზაურობა წლეულსაც გრძელდება და ისინი ათობით ქალაქს მოივლიან.
გიორგი ლალიაშვილის ინფორმაციით, ფესტივალში მუსიკაზე შეყვარებულ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამჯერად ფესტივალში ოცზე მეტი  სიმღერა გაიჟღერებს ქეთი მელუას რეპერტუარიდან. „ეს არ არის კონკურსი, ეს გახლავთ სიმღერისა და მშვენიერების ზეიმი, რომელიც შეკრებილ აუდიტორიას და მოწვეულ ბრიტანელ სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორ უყვართ ქართველებს ზოგადად მუსიკა და კერძოდ, ამ წიაღიდან ამოზრდილი იშვიათი და საამაყო ტალანტი ქეთი მელუა“…
ფესტივალის დირექტორის, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის თქმით, მარტო მას გაუჭირდებოდა ამ მუსიკალური პროექტის სინამდვილედ გადაქცევა, რომ არა ბევრი უანგარო და თავგანწირული ადამიანის მხარდაჭერა. იგი განსაკუთრებით გამოყოფს ვოკალის პედაგოგს, თამარ ვეფხვაძე-როქელსაარსა და ქორეოგრაფ შალვა ქავთარაძეს, რომლებიც მის ერთგულ თანამოაზრებად გვევლინებიან. მათი ერთობლივი შრომის შედეგს წლეულს ოთხასზე მეტი სტუმარი გაეცნობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები