“საპროკურორო ზედამხედველობასა და გამოძიებას შორის, ასევე საპროკურორო ზედამხედველობისა და სამძებრო საქმიანობას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს”

„ჩემი პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო რეფორმას, რომელიც საპროკურორო ზედამხედველობასა და გამოძიებას შორის, ასევე საპროკურორო ზედამხედველობისა და სამძებრო საქმიანობას შორის მკაფიო ზღვარის დაწესებას გულისხმობს”, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

თადუმაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ რეფორმაში ინსტიტუტებს შორის კონკურენცია არ იგულისხმება.

„ამ მკაფიო ხაზმა უნდა განსაზღვროს მათ შორის ამ ღონისძიებების განმახორციელებელი ინსტიტუტების პასუხისმგებლობა. მე არ ვგულისხმობ, რომ აქ კონკურენცია უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ფორმატი, რომელიც ამ სამი ფუნქციის განხორციელების დროს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა უწყება განახორციელებს კოორდინირებულად, კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებში, ასევე იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რასაც კანონი დაუდგენს“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პროკურატურის 27 წლიანი ისტორიის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროკურატურას, როგორც ინსტიტუტს, საზოგადოების ნდობა არ ჰქონდა.

შალვა თადუმაძის თქმით, წლების განმავლობაში, ერთი პერიოდი იყო საბჭოთა რეჟიმის პროკურატურა, მეორე კორუმპირებული პროკურატურა, მესამე პერიოდი მოძალადე პროკურატურა, 2012 წლიდან კი დაიწყო დემოკრატიული პროკურატურის შექმნის მცდელობები.
„პროკურატურა იყო საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრე, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში მაღალი ნდობის ხარისხი არ ჰქონდა, შემდეგ იყო ომი, საზოგადოებრივი დაპირისპირება, განუკითხაობა, მაშინ მომიწია საადვოკატო საქმიანობაში ურთიერთობა იმ პროკურატურასთან , რომელშიც ზუსტად მახსოვს კორუფციის შედეგად გამრუდებული სამართლის განცდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც ვიცით, რომ ეს მოვლენები იყო პროკურატურაში. იყვნენ ძალიან წარმატებული, პატიოსანი, მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებზეც იდგა პროკურატურა, მაგრამ იმიტომ, რომ განუკითხაობა იყო ქვეყანაში, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ სამართალდამცავები არიან კორუმპირებულები და ამ სტერეოტიპში ბუნებრივია, მოექცნენ პროკურორები და ეს არც არის დასამალი რომ პროკურორებიც იყვნენ მათ შორის. ამიტომ, განხორციელდა რეფორმები და შესაბამისად, პროკურატურის რეიტინგი ვერ იქნებოდა მაღალი. შემდეგ ჩვენ მივიღეთ გარემონტებული, დავარცხნილი და დალაგებული პროკურატურა, მაგრამ მოძალადე. მე ზუსტად მახსოვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ოჯახის წევრების შიშის განცდები, როდესაც 9 წლის მანძილზე მივყვებოდი პროკურატურაში. 2012 წლიდან უამრავი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის ეს ფორმატიც. ის, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა ხორციელდება პროკურატურაზე, ესეც მნიშვნელოვანი რეფორმაა, ის, რომ პროკურორი აღარ არის მოძალადე და კორუმპირებული, ესეც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა და ისიც, რომ საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობებია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ნდობის ხარისხი ნაკლებია“,- აღნიშნა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ნდობის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ პროკურატურა იყო და არის პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი და ასევე ის, რომ არ არსებობს მკაფიო ხაზები საპროკურორო საქმიანობასა და გამოძიებას შორის და საპროკურორო ზედამხედველობასა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები