“მარგველაშვილი- უსუფაშვილის სავარაუდო ალიანსისთვის, შესაძლოა, კვირიკაშვილი სასურველი პარტნიორი იყოს”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილისა და
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანჯაფარიძემ უსუფაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს შორის ასეთი ეპისტოლური ჟანრის კომუნიკაცია „გუშინდელი დღეა“.
მისი თქმით, უსუფაშვილის მხრიდან კომუნიკაციის ამ ფორმის არჩევა და პრეზიდენტისადმი ღია წერილით მიმართვა, მის პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს.
„თანამედროვე პოლიტიკაში ასე არ კეთდება, დგება ჯერ შეხვედრა, შიდა კონსულტაციები და შემდეგ თუ იქნება მიღწეული კონსენსუსი, ცხადდება ალიანსის თაობაზე.
ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ აირჩია უსუფაშვილმა კომუნიკაციის ეს ფორმა? – ვფიქრობ, ეს არის მისი პოლიტიკური სისუსტის და შიდა რესურსების, როგორც პოლიტიკური ლიდერის რესურსების უქონლობის დემონსტრირება – ის ეძებს ალიანსებს სხვებთან, იმის მაგივრად რომ თავად გახდეს როგორც პოლიტიკური ცენტრი, როგორც ლიდერი მიზიდულობის ცენტრი. რატომ არ შეიძლება უსუფაშვილის გარშემო მოხდეს იგივე პროევროპული ძალების კონცენტრირება და არ გაიყოს ძალაუფლება და პასუხისმგებლობა სხვებთან? თუ უსუფაშვილის წერილს კარგად დავაკვირდებით, ის საუბრობს იმაზე, რომ მას უკვე წინა სამზადისი აქვს ჩატარებული, რომ უკვე მოძებნილი ჰყავს 100-მდე თანალიდერი, რამდენიმე ასეული პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, ეს ხომ არ არის გარკვეული გეგმის ნაწილი, რომელიც, შეიძლება, შეთანხმებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ გარკვეულ წრეებთან, რომ საქართველოში გაჩნდეს ახალი, ალტერნატიული პროევროპული ძალა, რომელიც იქნება საპირწონე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღეს აცხადებს მონოპოლიას, რომ ის არის საქართველოში მთვარი ოპოზიციური ძალა და მთავარი პროდასავლური მიმართულების პოლიტიკური გუნდი. მხედველობაში მყავს
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სავარაუდო ალიანსისთვის სასურველი პარტნიორი იყოს.
„რაც შეეხება იმას, ვიხილავთ თუ არა კვირიკაშვილს – ამის ალბათობა არსებობს, კვირიკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა, მიუხედავად მისი მინუსებისა, მაინც ვფიქრობ, იქნებოდა შენაძენი, იმიტომ, რომ მას აქვს გარკვეული კავშირები დასავლეთში, მას ჰყავს თავის დასაყრდენი პარლამენტში, გარდა ამისა, ვიცით, საიდან მოდის კვირიკაშვილი – მას აქვს გარკვეული კავშირები საქართველოში არსებულ გავლენიან ფინანსურ დაჯგუფებთან, შესაძლოა ამ მხრივაც იყოს სასურველი პარტნიორი სავარაუდო ალიანსისთვის. მეორე მხრივ, თუ კვირიკაშვილის მიმართ გაჩნდა კითხვები, მათ შორის სამართლდამცვავი სტურქტურების მხირდან, შესაძლოა, კვირიკაშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით ერთგვარი თავშესაფარი იპოვოს. ეს მხოლოდ პროგნოზებია“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა შესთავაზა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უსუფაშვილს ნატოს- სამიტიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები