გია გაჩეჩილაძე: “ნენსკრაჰესი” აშენებული რომ ყოფილიყო, სვანეთში შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა

“ნენსკრაჰესი“ აშენებული რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, სვანეთში, შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდიგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, სვანეთში მომხდარი სტიქია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობასთან კავშირში არაა.
მისი თქმით, წყალსაცავიან ჰესებს მსოფლიოში 2 მიზნით აშენებენ : ეს არის ელექტორენერგიის გამომუშავება და მდინარის ნაკადების რეგულირება. „სხვანაირად ამ ნაგებობებს ჰქვია მარეგულირებელი ობიექტები. იმ შემთხვევაში როდესაც ჩნდება ასეთი ტიპის ობიექტი მთიან რეგიონში, მაგალითად როგორც შვეიცარიაში, ავსტრიაში, მას მეორე დანიშნულება აქვს, რომ სწორედ წყალდიდობებისგან და ღვარცოფებისგან დაიცვას ტეირტორია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
​მისივე თქმით, საქართველო ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშაა, ესაა წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყრები. „ამ ტერიტორიებზე არის განლაგებული 3 000-მდე დასახლებული პუნქტი. სისტემატური ხასიათი აქვს ამდაგვარ მოვლენებს საქართველოში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ჩემპიონები ეკოლოგიური დევნილების რაოდენობაში, საქართველოში 50 000 ოჯახზე მეტია ეკოლოგიური დევნილი. ასეთი ტიპის ქვეყანა გვაქვს ჩვენ, ღმერთმა ულამაზესი ბუნება, დიდი რესურსები მოგვცა, მაგრამ ამავე დროს მთიანი რეგიონია და დამახასიათებელია ჩვენთვის ასეთი რაღაცეები. ის, რაც მოხდა ნენსკრას ხეობაში, ეს ამ კონტექსტიდან უნდა განვიხილოთ, როგორც ბუნებრივი პროცესი“- განაცხადა გაჩეჩილაძემ. დეპუტატმა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. „იქ რა მოხდა სინამდვილეში – რამდენიმე ბუნებრივი პროცესი დაემთხვა ერთმანეთს, ნენსკრა არის მყინვარული საზრდოობის მდინარე, მაღალი ტემპერატურებია, მყინვარები ძალიან დიდი ინტენსივობით დნება, ბზარები უჩნდება და ამ ბზარებში შემდეგ წყალი გროვდება ძალიან დიდი რაოდენობით, შეიძლება ეს მოწყდეს და წარმოშოს ღვარცოფი, ამასთან ერთად, თუ ამას დაემთხვა დიდი ნალექების რაოდენობაც, წვიმები, რა თქმა უნდა, ეს უფრო მასშტაბურს გახდის ამ პროცესს, პლუს თუ ამას დაემთხვა კიდევ მეწყრული პროცესი რომელიმე შენაკადზე მაინც, გადაკეტა ნაკადი და მერე ის გაირღვა, ის წარმოშობს ძალიან დიდი სიმძლავრის წყალმოვარდნას, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში. ზუსტად ამ მოვლენას ჰქონდა ნენსკრას ხეობაში ადგილი, თორემ წყალდიდობა ნენსკრასათვის დამახასიათებელია. ეს ფაქტორები რომ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ წარმოიშობა წყალმოვარდნა, ანუ წყალდიდობას დაემთხვა წყალმოვარდნა, ამიტომაა რომ ასეთი მასშტაბური კატასტროფა გამოიწვია“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია, ტყეების გაჩეხვის საკითხი ამ რეგიონში. „პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გარკვეულმა ტელევიზიებმა, როგორც ე ს ახასიათებს ქართულ მედიას, სამწუხაროდ, ვიღაც ექსპერტები გამოიყვანეს, რომლებმაც სისულეების ილაპარაკეს. ერთერთმა ექსპერტმა თქვა, რა შუაშია წყალდიდობასთან ტყეების გაჩეხვაო. ბავშვმაც კი იცის, რომ ფერდობებზე, როდესაც ტყე ნაკლებია, მდინარის სიჩქარეები მეტია. წყალდიდობის პიკი უფრო მეტია“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო. ამ დროისთვის, მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო და წყლის დონის მატების საფრთხეც არ არსებობს. ადგილზე დილიდან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ნენსკრა, სპეციალური ტექნიკით, დაგროვილი ნაშალი მასალისა და ჩამოტანილი ხეებისგან იწმინდება. მობილიზებულია 30–მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები