შალვა ოგბაიძე: ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მანქანის მოუვლელობა

ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მანქანის მოუვლელობა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა.
ოგბაიძემ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის პრიორიტეტი არის სასიცოცხლო, უსაფრთხო გარემო.
„არცთუ ისე დიდი დრო გავიდა ადგილობრივი არჩევნებიდან. მახსენდება პერიოდი, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პირდაპირი დაკვეთა იყო დედაქალაქის საჰაერო აუზის გაჯანსაღების კუთხით ნაბიჯების გადადგმა, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება. პრიორიტეტი, გვინდა-არ გვინდა, დღეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის სასიცოცხლო გარემო, უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა ოგბაიძემ.
მისი თქმით, სტატისტიკოსების და გარემოს დამცველების ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურებაში თითქმის 75-80 % ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილია.
„ენის მოჩლექით საუბრის დრო წავიდა. წავიდა დრო, როცა ტექდათვალირების გაუქმება იყო ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი, ეს არის დათვური სამსახურის გაწევა ერთმანეთის მიმართ. რა მაქვს მხედველობაში – ჩვენი მედიკოსების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოქვეყნებული კვლევები ადასტურებს, რომ გამონაბოლქვსა და ადამიანის ჯანმრთლობის გაუარესებას შორის, პირდაპირი ტოლობის ნიშანია. გადავხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო – როგორ შემოგვეჩვია ლეიკემია, ონკოლოგიური დაავადებები.
ტექდათვალიერება იქნება მაიძულებელი – ავტომობილს შევხედოთ, რა მდგომარეობაშია. ტექდათვალიერება ეს არ არის პროფილაქტიკა, სადაც ავტომობილებს აკეთებენ. ეს არის თერმომეტრი, რომლითაც შეიძლება გავიზომოთ სხეულის ტემპერატურა. თუ ტემპერატურა მაღალია, უნდა წავიდეთ შესაბამის ელქტრომექანიკოსთან.
ისმის შეკითხვა – რა ქნან ძველმა მანქანებმა. ჩვენ არ უნდა დავყოთ ავტომობილები ასაკის მიხედვით, ჩვენ უნდა დავყოთ მანქანები როგორც მოწესრიგებული და როგორც მოუწესერიგებელი. იმ ავტომობილებს, რომლებსაც გადაკეთებული აქვთ მთელი შიგნეულობა, ძალიან ძნელი იქნება მათი ჭკუაზე მოყვანა. ავტომობილი გამართული უნდა იყოს, ცუდია გამონაბოლქვი, რომელიც წამლავს.
ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მანქანის მოუვლელობა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის – 1-ელი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. 1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. 1-ელი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. 1-ელი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები