შალვა ოგბაიძე: მიწისქვეშა პარკირება დედაქალაქში მდგომარეობას შეამსუბუქებს
თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის იდეას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტიპის პარკირების ადგილები დედაქალაქში მდგომარეობას შეამსუბუქებს.
როგორც ცნობილია, მერია ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, ინვესტორებს ეძებდა, თუმცა არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა ინტერესი.
შესარჩევი კონკურსი 22 ივნისს დასრულდა.
ოგბაიძე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს.
„მარტივად გეტყვით ბიზნესსექტორის სიფრთხილე რამ გამოიწვია – აქ საუბარი იყო 25 წლით გადაცემაზე 1 ლარად. მაგალითად, თქვენ თუ ინტერესი გექნებოდათ, უნდა მოგესწროთ კრედიტის აღება, თანხის მოძიება, ინვესტიციის განხორციელება და შემდგომ ამ თანხის ამოღება. 25 წელიწადი, ეს ჩემი ვარაუდია, ბიზნესსექტორს მოეჩვენა ძალიან ცოტა ამ თანხის ამოღების თვალსაზრისით. ამიტომ, უფრო გაბედული ნაბიჯით წავიდა თბილისის მერია და ბატონი კახი, უვადოდ გადასცემს საკუთრებაში-ოღონდ გააკეთოს. ვიცით, რომ ინტერესების გამოხატვა დაიწყება.
რაც შეეხება განმუხტვას – ნებისმიერი ასეთი ტიპის პარკირების ადგილი შეამსუბუქებს ჩვენი დედაქალაქის ადგილებში მდგომარეობას“- განაცხადა ოგბაიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით განმეორებით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმ პროექტებზე, როგორიცაა – ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები.
ამასთან, მერია მზადაა, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცეს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.