დავით მათიკაშვილი: კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს ყველა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა
“კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის მთავრობა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურას. როგორც დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა მოექცეს ყველა, მათ შორის პრეზიდენტი და მთავრობა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.
„აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თავისი ნებით გადადგა, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა აჭარაში, მაგრამ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, ახალი პროექტებია დასაწყები. ჩვენ ამ საჭიროებების კუთხით ვიმსჯელებთ და განვიხილავთ ყველა კანდიდატს, რომლებიც იქნებიან წარდგენილი.
რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ ზოგადად, კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის მთავრობა. ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც ამას მოითხოვს დღეს მოქმედი კონსტიტუცია. ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, იქნება სწორი პოზიცია იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს“, –განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლას კანონმდებლობა არ ავალდებულებთ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, კანონმდებლობით გაწერილ ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.
როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა.