„აჭარის მეთაურის არჩევისას კონსულტაციების გავლა მთავრობასთან კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„კონსტიტუციური კანონით, მთავრობის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობას უწყდება უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას.
ამის შემდეგ, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს კანდიდატურაზე და დაამტკიცებს მას. ასე რომ, როგორც 2016 წელს, როდესაც პატარიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი საბჭოსთვის, ახლაც პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და ამ კონსულტაციების შემდეგ ის დაასახელებს კანდიდატურა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან.
„მანამ სანამ იქნება ახალი მთავრობა უფლებამოსილებას ასრულებს არსებული მთავრობა, ესეც განსაზღვრულია კონსტიტუციური კანონით და ახალი კონსტიტუციით”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები