„სანამ არ შეიცვლება მთავარი პროკურორის შერჩევის მანკიერი სისტემა, ამ პროცესს ფართო საზოგადოებრივი ნდობა ვერ ექნება“
„სანამ არ შეიცვლება მთავარი პროკურორის შერჩევის მანკიერი სისტემა, ამ პროცესს ფართო საზოგადოებრივი ნდობა ვერ ექნება“,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანამ არ გასწორდება მთავარი პროკურორის შერჩევის წესი და არ გახდება ის პოლიტიკური მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევაზე ორიენტირებული, აღნიშნულ პროცესში „შეყოლა“ შეცდომა იქნება.
„იმ ვითარებაში, როდესაც მთავარი პროკურორის შერჩევის სისტემა კვლავ მანკიერია, რომელზეც ვენეციის კომისიაც ნათლად საუბრობს, იმ ვითარებაში, როდესაც კვლავ რჩება თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრი, რომლის მიმართ აღარავითარი ნდობა აღარ არსებობს, მათ შორის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მთავარი პროკურორის კანდიდატურის კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე მსჯელობას.
ამ პროცესში, შეყოლა შეცდომა იქნება, სანამ არ გასწორდება მთავარი პროკურორის შერჩევის წესი, არ გახდება ის რეალური, გამჭვირვალე და პოლიტიკისგან და პოლიტიკური მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევაზე ორიენტირებული. სანამ საბჭოს თავმჯდომარე და კანდიდატურის წარმდგენად დარჩება მოქმედი იუსტიციის მინისტრი, ამ პროცესს ვერ ექნება ფართო საზოგადოებრივი ვერც ნდობა, ვერც მხარდაჭერა და ვერ მიგვიყვანს ეს პროცესი იმ შედეგებამდე, რაც სჭირდება ქვეყნის ინტერესებს, რომ მივიღოთ რეალურად დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული პროკურატურის სისტემა”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.