კახა კუჭავა: თბილისის გენგეგმით გარემოს დაცვის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას ეხმაურება.
„მისასალმებელია, რომ მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება და თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გენგეგმის სახით. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ გენგეგმის ძირითად კონცეფციაზე ყველა თანხმდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს. იგეგმება თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გამართვა, მტკვრის დაბინძურების პრევენციის და ნარჩენების მართვის მუნიციპალური სტრატეგია, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეების განვითარება. ჩვენ ვქმნით მწვანე, შეკავშირებულ, კომპაქტურ და მდგრად ქალაქს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, წარმოდგენილი გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დედაქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს და მას მუდმივად ესაჭიროება დახვეწა, განახლება და პოტენციურ გამოწვევებთან ადაპტირება.
„დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შედეგად თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე და რაც მთავარია, გაცილებით სუფთა ქალაქი“,- აღნიშნა კუჭავამ.