თემურ ნანეიშვილი: ქვეყანაში იმდენი სამინისტრო უნდა იყოს, რამდენიც საქმეს სჭირდება

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების და კულტურის სამინისტროების გაერთიანება მისაღები არ არის. ამის შესახებ ნანეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნანეიშვილი დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში იმდენი სამინისტრო უნდა იყოს, რამდენიც საქმეს სჭირდება.

„რამდენად გააზრებულია ასე მოკლე ხანში ეს ცვლილებები, მე ცოტა ეჭვი შემაქვს, განსაკუთრებით, ეს ითქმის განათლების და კულტურის სამინისტროების გაერთიანებაზე. თუ განათლება პრიორიტეტია და ახალმა პრემიერმა სწორედ ეგ განაცხადა, რომ პრიორიტეტია, მაშინ უნდა გავიხსენოთ ის დრო, როცა საქართველოში უმაღლესი განათლების სამინისტრო ცალკე იყო, საშუალო განათლების ცალკე და პროფესიული სასწავლებლების ცალკე – ეს ყველაფერი გაერთიანდა და მეცნიერება დაემატა, ახლა მეცნიერება საერთოდ გაქრა ამ დასახელებიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლად კარგად არ არის გააზრებული ეს საქმე. იმიტომ, რომ მეცნიერების გარეშე, განათლების დონის აწევაზე საუბარი არ შეიძლება, დაუშვებელი და წარმოუდგენელია. საკუთარი აღმზრდელი კადრები თუ არ გეყოლება, სულ მუდამ იმის იმედზე ყოფნა, რომ მე ვიღაცას ჩამოვიყვან, არ შეიძლება. არ ვართ ჩვენ ისეთი მდიდრები, რომ ამდენი ლექტორი და მასწავლებელი ჩამოვიყვანოთ, მათ გვიწერონ სახელმძღვანელოები და ა.შ. სწორედ მაღალი დონის სპეციალისტი შეძლებს ამას, ეს მხოლოდ მეცნიერებაშია. პედაგოგიკაში ამისთანა ხალხი უნდა იყოს ჩართული.
რაც შეეხება კულტურას – საქართველო ჯერჯერობით მხოლოდ კულტურითაა ცნობილი, ასევე სპორტით. როდესაც არსებობენ ფედერაციები – საერთოდ არის თუ არა აუცილებელი ასეთი სამინისტროს არსებობა? შეიძლება უფრო დაბალი რანგის რაღაცა იყოს, მაგრამ ყურადღება გადატანილი იყოს ფედერაციებსა და მათ დაფინანსებაზე. მაგრამ, კულტურის სამინისტროს, ამხელა სფეროს, რითაც საქართველო მსოფლიოში არის ცნობილი, გაერთიანება ამხელა საქმესთან -განათლებასთან, ჩემთვის მისაღები ნამდვილად არ არის“- განაცხადა ნანეიშვილმა.
თემურ ნანეიშვილი, განათლების სფეროს საკითხებზე საუბრისას, ასევე, გამოეხმაურა ე.წ. რეპეტიტორების ინსტიტუტს. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების საკითხები იმის მიხედვით არის შედგენილი, რასაც სკოლაში გათვალისწინებული პროგრამით ასწავლიან.
„ის, რაც არ უსწავლია, არ უნდა გამოკითხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სკოლა ვერ ამზადებს, ჩვენ კიდევ ვაერთებთ ყველა სამინისტროს ერთად. პრობლემაა ის, რომ არ არის ნორმალური სახელმძღვანელოები, პროგრამა ისეთი არ არის, რომელიც შეეფარდება მსოფლიო სტანდარტებს. მსოფლიო სტანდარტების, უმაღლესი დონის გარეშე სხვა მიდგომა დაუშვებელია, ცოდნა ყველგან ცოდნაა, ფიზიკა ყველგან ფიზიკაა, ქიმია ყველგან ქიმიაა, ბიოლოგია ყველგან ბიოლოგიაა. მოთხოვნები უნდა იყოს ერთი და იგივე.
ყველამ ქვეყანამ ასე მიაღწია წარმატებას, ერთ-ერთი უკანასკნელი ფინეთის მაგალითია, ფინეთი ყოველთვის პროგრესული ქვეყანა იყო, მაგრამ ასეთ დონეს მიაღწია მეცნიერების და განათლების განვითარების ხარჯზე. ასევე, იაპონია ავიღოთ. ამიტომ, ეს ისეთი ინვესტიციაა, ამაში დიდი თანხა უნდა ჩაიდოს, იმიტომ, რომ მომზადება უნდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ანუ როგორც ახალგაზრდებს, ისე მასწავლებლებს, ლექტორებს, პედაგოგებს. ორმხრივად წინსვლის გარეშე არავითარი პროგრესი არ იქნება. დაფინანსება იმ გზით კი არ უნდა გაიზარდოს, რომ ყურადღება მოაკლდეს. ჩემი აზრით, ასეთი დიდი გაერთიანებით ასეთი მონსტრის მართვა შეუძლებელი იქნება. მაშინ უნდა გვყავდეს ისეთი კვალიფიკაციის მოადგილეები, რომლებიც ყველფერს შეძლებენ“- განაცხადა ნანეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები