შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებული და არასაკმარისია

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობა და ტენდენციები პოზიტიური მოლოდინების საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ გულბანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა გარემოებამ, რაც ძირითადად საფინანსო სექტორის რეგულირების არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებასთანაა დაკავშირებული, მრავალი მიმართულებით წარმოშვა პრობლემები, რომელთაგან ორი უმნიშვნელოვანესი უნდა გამოიყოს, – ესაა საკრედიტო ბაზარზე არსებული ვითარება და საფინანსო სექტორებს შორის კონკურენცია.
„პირველი მიმართულებით ვითარება საგანგაშო იყო და შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივები, სასესხო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, დაგვიანებულიც კია, ვინაიდან, უკონტროლო ბაზარმა, ერთი მხრივ, მოგვცა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას ფინანსურად დაზარალებული უამრავი მოქალაქე, უსამართლო სასესხო ხელშეკრულებები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ჯარიმის დარიცხვის უსამართლო პრაქტიკა, ჭარბვალიანობა და ა.შ. სწორედ ამ და სხვა პრობლემური საკითხების სამართლიანი დარეგულირება იყო მამუკა ბახტაძის მიზანი, როდესაც მან ახალი თამაშის წესები დაამკვირდა საკრედიტო ბაზარზე, რაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია და მას აუცილებლად ექნება შედეგი“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სიღარიბის დასაძლევად, ჭარბვალიანობის ხელოვნური შემცირება შედეგს არ მოიტანს, ვინაიდან ის არ არის სიღარიბის გამომწვევი მიზეზი.

„პირიქით, სიღარიბეა ჭარბვალიანობის გამომწვევი მიზეზი, რომელსაც მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით უნდა უპასუხოს, მათ შორის, საფინანსო სექტორებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფით.
ეს უკანასკნელი, საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველია და მისი მოთამაშეების თანაბარმნიშნელოვანი განვითარებისთვის მთავრობამ, ერთის მხრივ, უნდა შეცვალოს საკანონმდებლო მიდგომები და მეორე მხრივ, ეყოს პოლიტიკური გამბედაობა და ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდროს თანაბარი შესაძლებლობები იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც არ არიან აფილირებული ბანკებთან და წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს საფინანსო ბაზარზე, თუ მართლა გვსურს, რომ გვქონდეს დივერსიფიცირებული და კონკურენტული საფინანსო სისტემა” – განაცხადა გულბანმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს საფინანსო სექტორში კონკურენცია, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც გულბანმა აღნიშნა, ბაზარი დაკომპლექტებულია კომერციული ბანკებით და მის კონკურენტებს, ისეთებს როგორებიცაა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდუსტრია და მიკროსაფინანსო სექტორი, განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. მისივე განცხადებით, საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი საბროკერო კომპანიები წარმოადგენენ კომერციული ბანკების შვილობილ კომპანიებს, რითაც განვითარება ხელოვნურად წყდება, ვინაიდან ისინი ერთმანეთის კონკურენტი ინსტიტუტები არიან.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ საფინანსო სექტორში კონკურენციის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი და ეს უნდა დაიწყოს საფონდო ბირჟის მეშვეობით. ამ კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება იქნება აუცილებელი საფონდო ბირჟაზე, მათ შორისაა ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია; საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ცენტრალურობის პრინციპის გატარება; არასაბირჟო გარიგებების შეზღუდვა ან „ფიქსინგის“ გადასახადის გაზრდა; მსხვილი სახელმწიფო კომპანიების აქციების ემისია საფონდო ბირჟაზე; ობიექტური ფასწარმოქმნის მექანიზმების დანერგვა და სხვა მრავალი“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები