იაპონიაში სიცხისგან 3 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში ზედმეტად ადრე დაწყებულმა სიცხემ, მზის დარტყმისგან დაზარალებული ადამიანების რიცხვის გაზრდა გამოიწვია. 25 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე 3473 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. სამი ადამიანი დაიღუპა. დაზარალებული ადამიანების 50%-ზე მეტი ასაკოვანი მოქალაქეა. ზოგიერთ მათგანს ჰოსპიტალური მკურნალობა სამ კვირამდე ვადითაც კი ესაჭიროებათ. სულ კი, წინა კვირასთან შედარებით, სითბური დარტყმისგან დაზარალებულების რიცხვი 5,2-ჯერ გაზრდილია.
წინა კვირის ბოლოს, 29 ივნისს, კანტოს რაიონში, სადაც ტოკიოც მდებარეობს, დასრულდა ე.წ „ქლიავების წვიმის“ სეზონი, რომელიც როგორც წესი, 22 ივლისს სრულდება. ამ პერიოდში იაპონიაში წვიმიანი ამინდია და ნოტიო ჰაერი არის ხოლმე. წვიმების სეზონის ამდენად ადრე დასრულება კი ნიშნავს, რომ მეტისმეტად ცხელი ზაფხული იაპონიაში ერთი თვით მეტხანს გასტანს.