შოთა შალელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა 20-21 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, კონგრესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტს წერილობით მიმართა, რასაც მოჰყვა მისი შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა კონგრესმენებთან. მისივე ინფორმაციით, შეხვედრები აშშ-ის ათეულობით კონგრესმენთან, მათ შორის – ბრაიან მასტთან, შეილა ჯეკსონ ლისთან, როდნი დევისთან, პაულ ქოზართან, სტივ რასელთან, ერიკ პაულსთან და ა.შ. გაიმართა. ყველა მათგანმა საქართველოს, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, მხარდაჭერა აღუთქვა.

“ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერებულ გამონათქვამებზე. კონგრესმენებმა დაგმეს მისი განცხადებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია. გარდა ამისა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებს მთელ რიგ საკითხებში. შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ წელიწადში ორჯერ საქართველოსა და ამერიკაში ფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას კონგრესმენები, საქართველოსა და ნატოს თემაზე მომუშავე ექსპერტები, ასევე, დემოკრატიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები მიიღებენ. ასევე, ვისაუბრეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, რომელიც თბილისში ჩემი ინიციატივით და სახსრებით შენდება. მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. კონგრესმენებმა სარეაბილიტაციო ცენტრთან დაკავშირებით, აღფრთოვანება გამოხატეს და სოციალური მიმართულებით, შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს”, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები