ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” 30 ივნისს ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში, დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით, კურორტზე საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-იანი ველობილიკია მოწყობილი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე, მოყვარულებისთვის.

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი – „ტობოგანი” – ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა. ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ასევე, ზაფხულში. დამსვენებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს”, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრი 2014 წელს წელს სრულად განახლდა და აღიჭურვა ახალი, სამგანზომილებიანი პროექტორითა და ეკრანით, არეკვლის 3.0 სისტემით, რაც ფილმის ყურების პროცესს უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდის.

კინოთეატრ „ბაკურიანში” განთავსებული საინფორმაციო ცენტრი საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე და ა.შ.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის, შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია – ის ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძსა და მესტიას. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, როგორც ზამთრის, ასევე, ზაფხულის სეზონზე და მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები