დავით უთმელიძე: სანამ ღია კაფეს მეპატრონეებს დააჯარიმებენ, მათ რამდენჯერმე ეძლევათ გაფრთხილება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, დავით უთმელიძემ თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისში ახალი ავტობუსები ერთხელ უკვე შემოიყვანა.
„ჩვენ თბილისში თანამედროვე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის კომპანიის წარმოებული ავტობუსები შემოვიყვანეთ. ეს იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი ახლა მიმდინარეობს. ეს არის ცოცხალი პროცესი. პრობლემა არ არის, რომ ტენდერი ჩავარდა. გამოცხადდება ახალი ტენდერი, პირობები უფრო დაიხვეწება და წლის ბოლომდე თბილისში ახალი ავტობუსები აუცილებლად შემოვა“, – განაცხადა დავით უთმელიძემ.
მან ასევე საკრებულოს ოპოზიციის მიერ ღია კაფეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ღია კაფეების მეპატრონეებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მიეცეთ და არ მოხდეს მათი დაჯარიმება. დავით უთმელიძის თქმით, სანამ ღია კაფეების მეპატრონეთა დაჯარიმება მოხდება, მათ რამდენიმეჯერ ეძლევათ გაფრთხილება და საშუალებას აძლევენ, ხარვეზი გამოასწორონ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კაფეების მეპატრონეებმაც უნდა დაიცვან კანონი და თავიანთი ბიზნესი მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში აწარმოონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები