ნიკა ჩიტაძე: რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაცილებით მკაცრი უნდა იყოს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაცილებით მკაცრი უნდა იყოს. როგორც ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხშირ შემთხვევაში, არსებულ სანქციებს შესაბამისი შედეგი ვერ მოაქვს.
 
„სანქციები მხოლოდ რეზოლუციით არ უნდა იყოს შემოფარგლული. პრაქტიკაშიც უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, მის ინსტიტუტებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მადლიერები ვართ მათი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სანქციები ეფექტური არ არის. პრობლემა რაში მდგომარეობს – თავად ევროკავშირის ფარგლებში არ არის ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, როდესაც ერთი მხრივ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთს და სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ, იტალიის დღევანდელი მთავრობა აცხადებს, რომ სჯობს, სანქციები გაუქმდეს, რადგან ამ სანქციებს არავითარი აზრი არ აქვსო. მაგალითად, გერმანია მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის განხორციელების თაობაზე. ვიდრე რეალური ეკონომიკური ზომები არ იქნება მიღებული, ვიდრე ევროპა უფრო ინტენსიურად არ იმუშავებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შემცირდეს და რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები გარკვეულწილად იქნეს შესუსტებული, არსებული სანქციები ეფექტურ შედეგს ვერ მოიტანს. მე არ ვამბობ, რომ ზოგადად, ყოვლად არაეფექტურია სანქციები. მაგალითად, 2014 წელს სანქციები რომ დააწესეს, 2015 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0, 3% -ით შემცირდა, დღესაც შემცირებულია რუსეთის ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რუსეთისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება ენერგეტიკის სექტორში მიყენებული ჭრილობა“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
 
ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები