“ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი პირებიც არის შეყვანილები.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა, რაც იმაზე მიუთითებს თუ რაზე არიან ისინი ორიენტირებულები.
თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ მიუღია, ამიტომ ცალმხრივად მათი გარდაცვლილად ჩათვლა, იურიდიულად არასწორია.
“ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 პირისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა.
საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს – შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო, როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია დაამტკიცა, რომელიც 33 პირისგან შედგება. ოპოზიციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები