“როცა დგახარ კოლხეთის მიწაზე, წარმოუდგენელია არ გქონდეს შეგრძნება, რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში“

„როდესაც დგახარ ისტორიული კოლხეთის მიწაზე, წარმოუდგენელია ეს შეგრძნება არ გქონდეს, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“როდესაც დგახარ ამ უძველეს მიწაზე ამავე დროს გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის – ევროპულ ოჯახში დაბრუნების შეუქცევადობა. ეს არის ის განცდა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა ქართველს ეუფლება, როდესაც ჩამოდის, დგას და გრძნობს ამ მიწას. ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ძალიან რთული, თითოეულმა თქვენგანმა ეს კარგად იცის. ეს არის ისტორია, რომელიც მიეძღვნა ჩვენს თავისუფლებას და ღირსებას. როდესაც ასეთი ჟამი დგებოდა, და ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია – როდესაც იყო იდეა საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ღირსების – ეს ულამაზესი კუთხე თავის პრინციპულ და მე ვიტყოდი, გადამწყვეტ სიტყვას, ყოველთვის ამბობდა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს 4 წელი გავიდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
“რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის დამსახურება, ეს არის ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურება, რომლებმაც შეძლეს და შეგვინარჩუნეს ეს უნიკალური კულტურა. კულტურა, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა საერთო ევროპულ ცივილიზაციაში”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები