დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი სახლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 11 მაისის ბრძანებით მიიღო.
სოფელ ყვავილის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ე.წ. ჭონქაძეების დარბაზი მოქცეულია გვიანი მინაშენებით ორსართულიანი შენობის ცენტრალურ ნაწილში.
1830-1860 წწ. ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე დანიელ ჭონქაძე. მწერლის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ცხოვრებას განაგრძობს მისი შვილის, გიორგის მეუღლე, რუსის ქალი. გიორგი ახალციხეში მუშაობდა გუბერნატორად.
გიორგის გარდაცვალების შემდეგ (დაახლოებით 1916-18 წწ.) სახლი დარჩა უპატრონოდ და თითქმის მთლიანად გაიძარცვა. 1920-იან წლებში აქ გადმოიტანეს სკოლა, რომელიც მანამდე კერძო სახლში ფუნქციონირებდა. ამავე შენობაში 1929-30 წლებში გაიხსნა საბჭო. ნახევარ სახლში სკოლა იყო, ნახევარში საბჭო. შემდეგ სკოლა გაფართოვდა და შვიდწლიანი გახდა. დ.ჭონქაძის სახლს მოაშენეს ოთხი ოთახი, ხოლო საბჭოსთვის ცალკე შენობა აშენდა. 1973 წელს საბჭოს შენობა დაიწვა და საბჭო ისევ დ. ჭონქაძის სახლში გადავიდა. ამ დროისთვის ეს სახლი უკვე ცარიელი იყო, რადგან 1972 წლისთვის ს. ყვავილში სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა და სკოლაც იქ გადავიდა. 1973 წლიდან 1979 წლამდე საბჭო, საფერშლო პუნქტი და ბიბლიოთეკა დ. ჭონქაძის სახლში იყო. 1979 წლიდან დაიწყო შენობის რეაბილიტაცია, მოინგრა მეორე, გვიან დაშენებული სართული და აშენდა ახალი. 1984 წელს აქ გაიხსნა დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი და ფუნქციონირებს დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები