მამუკა სალუქვაძის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო და ხსოვნის საღამო გაიმართა
მწერალთა სახლში შესანიშნავი მწერლის, მსახიობის, რეჟისორის, მთარგმნელის, რედაქტორის − მამუკა სალუქვაძის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო და ხსოვნის საღამო გაიმართა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მამუკა სალუქვაძის (1955-1997) არქივის მრავალფეროვანი ექსპოზიცია: წიგნები, პუბლიკაციები, ხელნაწერები, ფოტომასალა, ჩანახატები, პიესების აფიშები, მის მიერ გამოცემული გაზეთებისა და სხვადასხვა პროექტის ნიმუშები.
ავტორის შემოქმედებაზე ისაუბრეს მწერლებმა − გიორგი ლობჟანიძემ, მაკა ჯოხაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. მათ გაიხსენეს მამუკა სალუქვაძის გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე და ისაუბრეს მისი პიროვნებისა და შემოქმედების მრავალმხრივ მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ ქეთევან-ხათუნა ბედელაძის მიერ დადგმული პიესის ჩვენება, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობები: ფიქრია ნიქაბაძე, გიორგი გოგუაძე (გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი), ანა ლევენეცი, გიორგი გელაშვილი და კოკო შაბურიშვილი.
საღამოს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მამუკა სალუქვაძის მიერ გადაღებული ფილმის – „უკანასკნელი ფოთლის“ ჩვენება.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ მწერლის მემორიალურ ფოტო-ვიდეოარქივს და ხმოვან ჩანაწერებს, ხოლო საღამოს მუსიკალურად ინოლა გურგულიას სიმღერები ამშვენებდა.