ზურაბ ჯაფარიძე: სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და უწყებების შემცირებას დადებითად აფასებს.
„სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია. გაერთიანებების უკან რა რაციონალიც გააჟღერეს, ლოგიკურია. მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯის დაფიქსირება მშპ-სთან მიმართებაში სწორია („გირჩს“ ჰქონდა მსგავსი ინიციატივა 1.5 წლის წინ). ამ სტრუქტურულ ცვლილებებს შეუძლებელია არ მოჰყვეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, თუნდაც მცირედით, რაც ასევე სწორია.
ამავე დროს: მცირე და შეზღუდული მთავრობა არ არის მხოლოდ სამინისტროების რაოდენობა. მთავარი, და ყველზე მნიშვნელოვანი, არის მთავრობის მთლიანი ხარჯების, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება ეკონომიკის მოცულობასთან.
ეგაა შესამცირებელი მნიშვნელოვნად და ჩასაბეტონებელი კონსტიტუციაში. სწრაფად მხოლოდ ასე გვეშველება“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.
მისივე განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები