“ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება, სადაც 33 პირია მოხსენიებული, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ”

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულება, სადაც 33 პირია მოხსენიებული, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, ასევე ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯიოღლიც არიან.
ქეთევან ციხელაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად მთავრობამ დაამტკიცა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ამ სიაში შედის 33 პირი, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულებები და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში.
„ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული ან მსჯავრდებული მძიმე დანაშაულისთვის, ცხადია, აქ შესულია ასევე ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯიოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის რეზოლუციის შესაბმისად განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რომ დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა, ამაში შედის მათ შორის ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ. განისაზღვრა ის უწყებები, რომელიც პასუხისმგებელი იქნებიან ამის აღსრულებაზე, ეს გახლავთ იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამავდროულად პერიოდულად ანგარიშს წარუდგენს როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს აღსრულების თაობაზე”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სია არ არის დახურული და არის ღია.
„სამართალდამცავი უწყებების მიერ გრძელდება გამოძიება და ახალი ბრალის, ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს სია გაფართოვდეს, დაემატოს ამ ჩამონათვალს სხვა პირების ვინაობა და ეს აისახოს პერიოდულად ამ დადგენილებაში ცვლილების სახით. სია პარლამენტს გადაეგზავნება შესაბამისად, უშუალოდ ოთხოზორიას შემთხვევაში სიაში არის მსჯავრდებული პირი, ბრალდებულები ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი. სია არის 33-კაციანი,, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დანაშაულში, ეს იქნება მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება, გატაცება თუ დანაშაულის დაფარვა არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ პარლამენტის რეზოლუცია უკვე განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს, მათ შორის არის გადაადგილების შეზღუდვა, ქონებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ყადაღა, ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული შეზღუდვები და სხვა.
„ცხადია საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს ამის კომპეტენცია, დაინტერესებულია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს ეს შეზღუდვები”,- განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები