სოზარ სუბარი: ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ

„ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი ადასტურებს, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი 2-3 კვირაში წარადგენს, აღარ იქნება.
“ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ ეს არის, რომ – არა! ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია უკანასკნელად, 2018 წლის 30 იანვარს შეავსო.
დოკუმენტის თანახმად, სოზარ სუბარმა ბოლო ერთ წელიწადში თანამდებობიდან ხელფასის სახით 75 000 ლარი მიიღო. ამასთან, იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა, სადაც ხელფასის სახით 2475 ლარი მიიღო.
რაც შეეხება მის მეუღლეს, თამარ ყუბანეიშვილს, იგი “საზოგადოებრივ მაუწყებელში” შტატგარეშე თანამშრომელია, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პროდიუსერად მუშაობს, სადაც ხელფასის სახით ერთ წელიწადში 17 500 ლარი აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.
მისივე განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები