მამუკა ბახტაძე: ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება

“სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 პროცენტზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად, მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.
„ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი, სხვადასხვა ინიციატივის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება. ეს არის ჩვენი ხედვა და ეს ხედვა, დარწმუნებული ვარ, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი მართვაზე, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს არსებობს ჩვენი ეკონომიკის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ შედეგებზე კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები