მამუკა ბახტაძე: სამინისტროების რაოდენობა 14-დან 10-მდე შემცირდება

“საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ისეთი დარგების, როგორიცაა განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს;

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ „მცირე მთავრობის” კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით, სახელმიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად, მთავრობა, დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.

ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა, დარწმუნებული ვარ, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვხარჯოთ მართვაზე იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებობს. დარწმუნებული ვარ, „მცირე მთავრობის” კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები