ზაალ კასრელიშვილი თურქეთში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს: ძალიან უკმაყოფილოა მოსახლეობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში

თურქეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი აფასებს.
როგორც კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას შეცვლიდა.
„თურქეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ არჩევნებს იმედის თვალით უყურებდა, იმედი ჰქონდათ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას შეცვლიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ისლამური პატრიოტიზმის თემამ, რომლითაც პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა ერდოღანმა, – იმუშავა. აქ ჩვენ ახლა იმას ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულ გაყალბებებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ერდოღანმა არჩევნებამდე მოიშორა ოპონენტები – დააკავა ხალხი, შესაბამისად, მათი ოჯახის წევრებიც დათრგუნულები და შეშინებულები იყვნენ ალბათ. შიდა პროცესებს ვერავინ გაიგებს, რაც გარედან ჩანდა და ჩვენი კავშირების მეშვეობით რაც ვიცით, ძალიან უკმაყოფილოა მოსახლეობა, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
რაც შეეხება თურქეთის ოპოზიციას, კასრელიშვილი თვლის, რომ მათ კიდევ უფრო უნდა ეაქტიურად. „ოპოზიციას არ ჰქონია ცუდი გათვლები, ოპოზიცია სწორედ იმ ენით ესაუბრებოდა ამომრჩეველს, რა ენითაც დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო ელაპარაკება თურქეთს, თუმცა ვფიქრობ, რომ ოპოზიციის დაპირებებს, წინასაარჩევნო კამპანიას, ასე რომ ვთქვათ, დენთი აკლდა. როდესაც ოპოზიციაში ხარ და ხელისუფლების შეცვლა გინდა, ალბათ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო“ – აღნიშნა კასრელიშვილმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვება მოიპოვა, მან ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი, მხოლოდ 30%.
გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის დღე და ღამე იმუშავებს. „სახალხო ალიანსი“, რომელშიც ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ შედიან, ქვეყნის პარლამენტში არსებული ადგილების უმეტესობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში გუშინ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები