პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განხილეს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები კომიტეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტის არსი საპროცესო ინსტიტუტის გარდაქმნაა, რის შედეგადაც აღნიშნული ინსტიტუტი საქართველოში მანკიერი მხარეებისაგან გათავისუფლდება და მოქნილ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება, რომელიც სწრაფ და სამართლიან მართლმსაჯულებას უზრუნველყოფს, შეთანხმების გაფორმების პროცესი კი გამჭვირვალე გახდება.
„2004 წლის შემდეგ, როცა ქართულ კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი პირველად შემოვიდა, მას აკრიტიკებდა ყველა, იმდროინდელი ხელისუფლების გარდა. აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და აკრიტიკებდნენ სრულიად სამართლიანად, რადგან საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში უცნაური ვაჭრობის საშუალებად და იარაღად გადაიქცა.
იყო შემთხვევები, როცა სისხლის სამართლის დევნა სრულიად უდანაშაულო ადამიანის მიმართ იწყებოდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ ეს ყველაფერი საპროცესო შეთანხმებით, რაღაც ჯარიმის გადახდით დამთავრებულიყო. სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში ადამიანს შეიძლება სხვა გამოსავალი არც დარჩენოდა და მზად იყო, გაეღო ყველაფერი, რომ თავისუფლება ეყიდა. ეს სიმახინჯე სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგიც იყო, რომელსაც პროკურატურა ახორციელებდა, რაშიც ხელს უწყობდა სასამართლო და, მეორე მხრივ, ეს იყო კანონმდებლობის პრობლემა“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები