ანრი ოხანაშვილი დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ არ ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ არ ეთანხმება.
„არ ვეთანხმები დავით ჭიჭინაძის განცხადებას თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით. ვინ უნდა გადადგეს და ვინ არა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე ასე კონკრეტულად არ გვიმსჯელია. კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით მსჯელობა მთავრობის კონცეფციაზე იყო, როგორი უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური მთავრობის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კონსულტაციებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამართავს. კონსულტაციების შემდეგ კი ერთად ვიმსჯელებთ. პირველ რიგში, საკითხი დგას, როგორი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ინტერესებზე დაფუძნებული მოქნილი მთავრობის კონცეფცია. ეს კონცეფცია შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე განიხილება, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
სამინისტროების რაოდენობის შემცირება მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად იგეგმება, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის რამდენიმე კონსულტაცია უკვე გაიმართა. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს 23 ივნისსაც შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები