„თუ თეა წულუკიანი პოსტს დატოვებს, „ქართულ ოცნებას“ შეცდომებზე უკეთესად მიუთითებს“

„იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები შეთანხმებულია და პრემიერ-მინისტრის არგუმენტები უმრავლესობამ გაიზიარა.
დეპუტატის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სოციალური ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა, ნაწილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს აპარატში, ნაწილი კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება.
ჭიჭინაძის განცხადებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ახალი მინისტრების ვინაობა ჩვენც გვაინტერესებს, თუმცა ერთდროულად ამდენი ინფორმაცია უნდა გადახარშო და სიახლეებს ნელ-ნელა გვაწვდიან. რაც შეეხება წულუკიანს, როცა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მას წულუკიანმა შეცდომებზე მიუთითა, ამიტომ თუ მინისტრის პოსტს დატოვებს, „ქართულ ოცნებასაც“ შეცდომებზე უკეთესად მიუთითებს. როცა თავისუფალი იქნება, მეტი საშუალება ექნება საუბრის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები დასრულდა. მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება. გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს არ ექნებათ ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციები და ეს უფლებამოსილება მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები