პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-სა და პროკურატურის იმ გამომძიებლებს მოუსმენენ, რომლებიც თავდაპირველად გამოძიებას აწარმოებდნენ

დღეს, პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-სა და პროკურატურის იმ გამომძიებლებს მოუსმენენ, რომლებიც საქმის თავდაპირველად გამოძიებას აწარმოებდნენ.
როგორც თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ყველა კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს მიიღებენ.
„დღეს კომისიაზე დაბარებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეში პირველი დღიდან ჩართულები არიან. ჩვენი კითხვები ეხება ძირითადად იმას, საქმის გამოძიება როგორ მიმდინარეობდა. ჩვენ გვაინტერესებს, რა საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული, რა დროში და როგორ. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები გვექნება და იმედი გვაქვს, რომ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები იქნება. იმიტომ, რომ კითხვები ბევრია.
საქმის მასალებში ჩანს, რომ რაღაც კითხვებზე პასუხები საქმის მასალებიდან არ არის. ჩვენ დღეს ეს პასუხები პროკურატურისგან და შსს-დან უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე დეტალებისგან თავს შევიკავებ. როდესაც ახსნა განმარტებები მორჩება, თუ ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები გვექნება, იმისდა მიხედვით, როგორი იქნება პასუხები, შესაბამის შეფასებებს მერე გავაკეთებ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს უსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები