ირაკლი კობახიძე: სასურველია, დღეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსია ამოიწუროს

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, დღეს გამართულ შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსია ამოიწუროს. მისივე თქმით, მომზადებულ კანონპროექტში ასახულია წინა შეხვედრებზე გამოთქმული რეკომენდაციები.
„ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები შესაბამის კანონპროექტზე და დღეს, იმედი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, დისკუსიებს დავასრულებთ. განსახილველი გვაქვს კიდევ სხვა თემები: სკოლის თემა, საბჭოს თემა. უნდა გადავიდეთ ამ თემების განხილვაზე, აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ დღეს ამოვწუროთ დისკუსია, დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოგიგზავნეთ კანონპროექტი, რომელიც გადამუშავდა წინა შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად. ამ კანონპროექტში ასახულია ის საკითხები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად შეჯერდა პოზიციები წინა შეხვედრაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წარმოდგენილია ასევე ცვლილებები, რომლებიც, უშუალოდ პროცესსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს შეეხება.
“ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ეს საკითხები და ასახეს კანონპროექტში ის ცვლილებები, რომელთა ასახვაც, ჩვენი აზრით, შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლებოდა, სადაც ნაკლები, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა იყო მოსალოდნელი. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა რეკომენდაციები, რომელთა განხილვა ჩვენ დღეს დაგვჭირდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები